ვანი
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ვანი
|
ვანი — ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარეში, ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ანტიკური ნაქალაქარი, რომელიც 2007 წლის 24 ოქტომბრიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.[3] ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები, საფეხბურთო კლუბი სულორი.
სექციების სია
[დამალვა]გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვანი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 60 მ, რკინიგზის სადგურ სამტრედიიდან 19 კმ-ზე, რეგიონის ცენტრ ქუთაისიდან 41 კმ-ზე, უახლოეს აეროპორტკოპიტნარიდან — 35 კმ-ზე, უახლოეს პორტ ფოთიდან — 80 კმ-ზე.
სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სახელწოდება „ვანი“ აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის განმარტებით, ძველ ქართულად ნიშნავდა „სახლს“, „სადგურს“, „დაბას“, „საცხოვრებელს“
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავებას მიაღწია ძვ. წ. III-I სს-ში. ვანში ქალაქური ტიპის დასახლება განვითარდა იმ უძველეს დასახლებათა საფუძველზე, რომელთა ნაშთები ახლა მრავლადაა ფიქსირებული ვანსა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე (კეჭინარა, ციხესულორი, გორა,ბაგინეთი, ინაშაური, სულორი, ძულუხი, ბუღნარა, ბზვანი), აგრეთვე მის აღმოსავლეთითაც (ფერსათი, ზეკარი,ბაღდათი). ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული, ჯერჯერობით უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება და კერამიკული ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი.
ძველი ანტიკური ხანის ვანის ნაქალაქარი განლაგებულია ქ. ვანის მიმდებარედ არსებულ ბორცვზე და მოიცავს დაახლოებით 8,5 ჰექტარ ფართობს. აღნიშნულ გორაკს ირგვლივ გაბატონებული მდგომარეობა უკავია. აქედან კარგად მოჩანს რიონის დაბლობი, ქალაქი ქუთაისი და კავკასიონის მთები. აქედან შეიძლებოდა მარჯვედ ედევნებინათ თვალყური ვანზე გამავალი დიდი სავაჭრო გზისათვისაც, რომელიც ინდოეთიდან მიემართებოდა კასპიის ზღვამდე, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის ქვეყნებზე გავლით აღწევდა შავ ზღვამდე. აქ არა მარტო სატრანსპორტო გზები იყო, არამედ ისეთიც, როგორიც სამხრეთ საქართველოდან, კერძოდ კი მესხეთიდან გურიისაკენმიემართებოდა.
ვანის ქალაქობის პერიოდში 2 უმთავრესი ეტაპი გამოიყოფა:
- ძვ. წ. VI-IV სს. და
- ძვ. წ. III საუკუნის დასწყისი – ძვ. წ. I საუკუნის შუა წლები.
პირველი ეტაპი წარმოდგენილია ხის საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობებით, კლდოვან დედაქანში ამოკვეთილი სამსხვერპლოებით, მრავალფეროვანი კერამიკული მასალის შემცველი კულტურული ფენებით და მდიდრული სამარხებით (ჭედური გამოსახულებებით მორთული დიადემები, ცვარათი შემკული ნაირსახოვანი საყურეები და სასაფეთქლეები, ცხოველთა სკულპტურულგამოსახულებიანი სამაჯურები, თასი, ჰერალდიკური გამოსახულებანი, ყელსაბამები და სხვა), აგრეთვე ვერცხლის სამკაული, ბრინჯაოსა და თიხის ჭურჭელი. სამარხებსა და კულტურულ ფენებში ნაპოვნი იმპორტული თიხისა (შავფიგურიანი, წითელფიგურიანი, შავლაქიანი) და ლითონის ჭურჭელი (პატერა, ოინოხოია, კილიკები, არიბალოსი) მოწმობს ცხოველ სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობას ბერძნულ სამყაროსთან. იმ დროს (ძვ. წ. VI-IV სს.) ვანი წარმოადგენდა კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულის (სკეპტუხიის) ცენტრს და მმართველი ზედაფენის რეზიდენციას.
ძვ. წ. III საუკუნიდან იწყება ახალი ეტაპი ვანის ძველი ქალაქის ისტორიაში. იგი ხდება დიდი სატაძრო ცენტრი. ამ პერიოდს განეკუთვნება გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვ. წ. III საუკუნის გალავნის კედელი, კარიბჭის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, კონტრფორსებიანი ნაგებობა, მრგვალი ტაძარი, შვიდსაფეხურიანი საკურთხეველი და სხვა საკულტო და საზოგადოებრივი შენობები, რომელთა გათხრისას ნაპოვნი მონუმენტური ლომის თავის ქანდაკებანი, საკურთევლები, ქალ-ღვთაების ჰორელიეფური გამოსახულებებით შემკული სვეტის თავი, ტერაკოტული და ბრინჯაოს მცირე ზომის ქანდაკებანი და ნიღბები, აგრეთვე ადგილობრივი და ბერძნული კერამიკა. ძველი ქალაქი განადგურდა ძვ. წ. I საუკუნის შუა წლებში.
ვანს, როგორც უდიდესი არქეოლოგიური აღმოჩენების პოტენციურ წყაროს ჯერ კიდენ XIX საუკუნეში მიაქციეს ყურადღება. 1847-1848 წლებში საქართველოსა და კავკასიაში მოგზაურობდა ფრანგი ქართველოლოგი აკადემიკოსი მარი ბროსე. ქუთაისში ყოფნისას საპატიო სტუმრისათვის მიურთმევიათ მამაკაცის თავის ქანდაკება, რომელიც საჩინოს ერთ-ერთ საფლავში ყოფილა ნაპოვნი (ქანდაკების ადგილმდებარეობა ამჟამად უცნობია). მარი ბროსეს აღწერით ქანდაკება იყო: „მამაკაცის ბიუსტი მხრების დასაწყისამდე, თმიანი და წვერიანი, არწივისებრი დიდი ცხვირითა და სარდონიკული სიცილით“[4]. ხოლო 1876 წელს ქართული გაზეთი „დროება“ წერდა: „აქ ისე წვიმა არ მოვა, რომ არ ჩამოიტანოს გორიდან ნიაღვარმა ხან ოქროები, ხან ოქროს ძეწკვები, ხან ბეჭდები, ხან რა და ხან რა ნივთეულობა... დიდი სიმდიდრე უნდა იყოს ამ გორაზე...“ სწორედ ამ სტატიის შემდეგ დაინტერესდა ექვთიმე თაყაიშვილი ვანით და 1896 წელს დაიწყო პირველი არქეოლოგიური გათხრები, რომელმაც სისტემატიური ხასიათი1947 წლიდან მიიღო.
ვანის ტერიტორიაზე შემორჩენილია გვიანი შუასაუკუნეების ციხის ნანგრევები:„საჩინოს“ ციხე მშვიდობის გორაზე, და მეორე „სებეკას“ ციხე საავადმყოფოს ახლოს მომაღლო ბორცვზე, აქვე შეიმჩნევა მცირე ზომის ეკლესიის ნანგრევები ჩიჯავაძეების კარის ეკლესიის.
1926 წლისთვის ვანის თემი შედგებოდა 12 სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 10762 ადამიანს, ხოლო ფართობი 65,7 კმ2-ს.[5]
კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვანში მოქმედებს სახალხო თეატრი. მისი ისტორია იწყება მეოცე საუკუნის ათიანი წლებიდან დაიწყო. წარმოდგენები ძირითადად საცხოვრებელი სახლების აივნებზე იმართებოდა 1930 წლამდე, მანამ, სანამ არ დაარსდა „გლეხთა სახლი“. დღევანდელი თეატრის დარბაზი გათვალისწინებულია 600 მაყურებელზე, აქვს ოთხი სარეპეტიციო და ორი საგრიმიორო ოთახი. თეატრი მონაწილეობს სხვადასხა თეატრალურ ფესტივალებსა და კონკურსებში, ხოლო 2002 და 2003 წლებში ვანი თავად მასპინძლობდა იმერეთისა და რესპუბლიკურ ფესტივალებს.
ყოველი წლის 2 ივნისს ვანში ტრადიციულად აღინიშნება სახალხო დღესასწაული „ვანელობა“, ამ დღეს სხვადასხა სფეროში მოღვაწე ადამიანებს ენიჭებათ საპატიო ვანელის წოდება. 2010 წელს ეს თარიღი სიმბოლურად დაემთხვა ვანის ცენტრში წმინდა ნინოს მშობლების, ზაბულონისა და სოსანას სახელობის ტაძრის გახსნას.
მუზეუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია : ვანის არქეოლოგიური მუზეუმი.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წლის 25 სექტემბერს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით. 1985 წლის 25 სექტემბერს. მუზეუმის გახსნას დაემთხვა შავიზღვისპირეთის პრობლემებისადმი მიძღვნილი მსოფლიო არქეოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ტარდება ყოველ მესამე წელს. მუზეუმში განთავსებულია სხდომათა დარბაზი, ბიბლიოთეკები, სარესტავრაციო და ფონდების განყოფილებები. სწორედ ოთარ ლორთქიფანიძის უდიდესი ღვაწლის გამო, რომელიც მან ვანის ნაქალაქარს და საერთოდ ქართულ არქეოლოგიას შეალია, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დღეს მის სახელს ატარებს. ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.). მუზეუმის მისამართია გორგასლის ქ. 33. ვანში ასევე არის სახვითი ხელოვნების მუზეუმი. (მის.სოლომონ II-ს ქ. 2)
რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია : ვანისა და ბაღდათის ეპარქია.
ქალაქ ვანში არის ვანისა და ბაღდათის ეპარქიის რეზიდენცია. ეპარქია მოიცავს ვანისა და ბაღდათის რაიონის ტერიტორიებს. ეპარქიის შემადგენლოაში შედის 22 მოქმედი ეკლესია. ეპარქია იყოფა ვანისა და ბაღდათის ოლქებად. ეპარქიის მმართველია მთავარეპისკოპოსი ანტონი (მარკოზ ბულუხია), ვანის ოლქის მთავარხუცესია დეკანოზი პეტრე (ვალერიან გიორგაძე).
ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იხილეთ აგრეთვე: ვანის მუნიციპალიტეტში დაბადებული გამოჩენილი პიროვნებები.
- გიორგი ძიგვაშვილი — პოეტი
- პავლე აბრამიძე — საბჭოთა გენერალ-მაიორი
- ზაზა ტყეშელაშვილი — ქართველი წესების გარეშე მებრძოლი და თავისუფალი სტილით მოჭიდავე
- შაბთაი ცური (შოთა ცოციაშვილი) — ქართველი ებრაელი პოლიტიკოსი და დიპლომატი
No comments:
Post a Comment